სპეციალური ანგარიშები.

მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შეფასება

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შესახებ სპეციალური ანგარიში მოამზადა. კვლევაში შეფასებულია ადგილობრივ დონეზე ქალთა უფლებრივი მდგომარეობა, მხარდამჭერი მექანიზმების არსებობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობა და მონაწილეობა.

საკვლევ მიმართულებას წარმოადგენდა მუნიციპალურ დონეზე გენდერული თანასწორობის საბჭოების ფუნქციონირება და მათი საქმიანობის ძირითადი თავისებურებები, არსებული პოლიტიკის დოკუმენტები, სეგრეგირებული მონაცემები და ბიუჯეტირების საკითხები, ქალთა უფლებების მხარდამჭერი მექანიზმები, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობა და მონაწილეობა.

დოკუმენტში გაანალიზებულია, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები და ადგილობრივ დონეზე არსებული საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოები. მათ შორის, ფოკუს ჯგუფებიდან მიღებული ინფორმაცია.

წინა წლებში მოქმედი გეგმებისგან განსხვავებით, გენდერული თანასწორობის ამჟამინდელი სამოქმედო გეგმები დაიხვეწა და ადგილობრივ საჭიროებებს უფრო მეტად მოერგო, თუმცა, გამოწვევაა, რომ მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან ნაწილს არ განუხორციელებია აღნიშნული გეგმების შესრულების შეფასება/ანალიზი. გენდერული თანასწორობის საბჭოების ეფექტიანი ფუნქციონირების მიმართულებით არაერთი ბარიერი არსებობს, მათ შორისაა, გადაწყვეტილების მიმღებთა და აღმსრულებელთა მხრიდან საკითხის სიღრმისეული ცოდნა და ექსპერტიზა, ფინანსური და ადამიანური რესურსები.

კვლევის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანი იქნება გენდერული უთანასწორობისა და გენდერულად არამგრძნობიარე მიდგომების გადასაჭრელად.

მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შესახებ სპეციალური ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მოამზადა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)