სპეციალური ანგარიშები.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიში 2015

წინამდებარე ანგარიშში მოცემულია პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2015 წელს დახურული ტიპის დაწესებულებებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა.

გასულ წელს სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 54 ვიზიტი განახორციელა 15 პენიტენციურ დაწესებულებაში; რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა სახლებში 7 ვიზიტი განახორციელა და 200 ბავშვი მოინახულა; მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში 10 ვიზიტი განახორციელა და 69 ბავშვი მოინახულა. ამასთან, ხანდაზმულთა პანსიონატებში განხორციელდა 7 ვიზიტი და მოინახულეს 150 ბენეფიციარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში 18 პირი მოინახულეს. ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში დეპორტირებული მიგრანტების დაბრუნების 2 პროცესს დააკვირდა. მონიტორინგი განხორციელდა 31 დროებითი მოთავსების იზოლატორში და 59 პოლიციის სამმართველოში და მოინახულეს 54 დაკავებული. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ვიზიტისას მოინახულეს 25 პატიმარი. სამხედრო ნაწილში მოინახულეს 35 ჯარისკაცი. 12 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განხორციელებული 18 ვიზიტის დროს მოინახულეს 661 პაციენტი. ასევე, პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა გასულ წელს პენიტენციურ დაწესებულებებში განახორციელა პროექტი „საჩივართა/მოთხოვნათა განხილვის მექანიზმისა და შიდა მონტორინგის გაძლიერების ხელშეწყობა“.

ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული არასათანადო მოპყრობისაგან მიგრანტთა დაცვაზე, დეპორტირებულ პირთა დაბრუნების ოპერაციის მონიტორინგსა და თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე.

ანგარიში მიმოიხილავს დახურული ტიპის დაწესებულებებში არსებულ პრობლემებს, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისათვის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას, რომლის შესახებაც საქართველოს სახალხო დამცველი არაერთხელ საუბრობდა თავის რეკომენდაციებში; ასევე, პატიმართა შორის ძალადობისა და კრიმინალური სუბკულტურის არსებობის ფაქტებს; უსაფრთხოებასთან, პერსონალის გადამზადებასთან, არასათანადო ფიზიკურ გარემოსთან, სანიტარულ ჰიგიენურ მდგომარეობასთან, დისციპლინურ სახდელებთან და გარე სამყაროსთან კონტაქტთან დაკავშირებულ საკითხებს.

ანგარიშში უარყოფითადაა შეაფასებული შსს-ს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანოებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და აღნიშნულია, რომ პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა წინააღმდეგ ფიზიკური თუ სხვა სახის ძალადობის მხრივ სიტუაცია გაუარესებულია, რაც გამოიხატება დაკავების დროს ძალის არაპროპორციულ გამოყენებაში, პროცედურული უფლებების უგულებელყოფაში, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის არასრულფასოვნად წარმოებასა და არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების არაეფექტიან გამოძიებაში.

აღსანიშნავია, რომ არასაკმარისი ფინანსური სახსრები, ადამიანური რესურსის ნაკლებობა და პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია უარყოფით გავლენას ახდენს ფსიქიატრიული დახმარების მიწოდებაზე. გარდა ამისა, საგანგაშოა ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული ფიზიკური გარემო და პაციენტებზე ძალადობის სხვადასხვა ფორმები.

ანგარიში წარმოდგენელია ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობა და ხაზგასმუკლია, რომ მნიშვნელოვანია პანსიონებში მცხოვრებ ხანდაზმულთა სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და სოციალურ ღონისძიებებში ჩართვა, რათა არ მოხდეს მათი იზოლაცია საზოგადოებისაგან.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიში ასევე დეტალურად აღწერს თუ რა ღონისძიებები გატარდა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის, სამუშაო მეთოდოლოგიის გაუმჯობესებისა და თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)