სპეციალური ანგარიშები.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2014 წელს გაცემული რეკომენდაცია/წინადადებების შესრულების ანგარიში

ანგარიში მოიცავს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სხვადასხვა უწყებისათვის გაგზავნილი რეკომენდაცია/წინადადებების შესრულების არა მხოლოდ სტატისტიკურ, არამედ ხარისხობრივ მაჩვენებლებს. რეკომენდაცია/წინადადების შესრულების ხარისხობრივი კოეფიციენტის აღნიშვნისას საქართველოს სახალხო დამცველი მსჯელობს ისეთ კრიტერიუმებზე, როგორიც არის შესრულების ვადები, დარღვეული უფლების აღდგენის ფაქტი, განხორციელებული ღონისძიებების ეფექტურობა და შედეგი.

2014 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა სხვადასხვა უწყებებს – ცენტრალური, და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, ასევე თანამდებობის პირებს 154 რეკომენდაცია და წინადადება გაუგზავნა, რომელთაგან მხოლოდ 35(23%) შესრულდა, ნაწილობრივ შესრულდა 22 (14 %), არ შესრულდა 47 (31%) და პასუხი არ მოსულა 28 (18 %) რეკომენდაციაზე/წინადადებაზე.

გასულ წელს ყველაზე მეტი - 40 რეკომენდაცია/წინადადება საქართველოს მთავარ პროკურორს გაეგზავნა, ამათგან 8 არ შესრულებულა და 9–ზე პასუხი არ გაუცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ გაცემულ რეკომენდაცია/წინადადებების აბსოლუტური უმრავლესობა, რაზეც სახალხო დამცველს პასუხი არ მიუღია, ეხება გამოძიების დაწყებას სხვადასხვა დარღვევის გამო, კერძოდ, არასათანადო მოპყრობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, სამართალდამცავი პირების ქმედებას და სხვა.

კვლევის თანახმად, რეკომენდაცია/წინადადებების შესრულება ეფექტურობის მიხედვით ასე გადანაწილდა: სრული შედეგი დადგა 15 (11%) შემთხვევაში (გაითვალისწინეს რეკომენდაცია და მოხდა დარღვეული უფლების აღდგენა), შედეგი არ დამდგარა 82 (63%) შემთხვევაში (არ გაითვალისწინეს რეკომენდაცია და არ მომხდარა დარღვეული უფლების აღდგენა), შესრულების შესახებ დაპირება სახალხო დამცველმა მიიღო 18 (14%) შემთხვევაში, 4 (3%) – საქმე სასამართლოშია და 12 (9%) შემთხვევაში მოხდა დარღვეული უფლების ნაწილობრივი აღდგენა.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2014 წლის განმავლობაში გაცემული 19 რეკომენდაცია/წინადადება გადამისამართებულია სხვა უწყებაზე და მხოლოდ 2 შეთხვევაში მოვიდა პასუხი, შესრულდა 5, არ შესრულდა 8.

2014 წელს გაცემული რეკომენდაციების ანალიზის შედეგად გამოვლინდა იმ უფლებათა წრე, რომელთა დარღვევის ფაქტებზეც ყველაზე ხშირად მიმართავდა საქართველოს სახალხო დამცველი სხვადასხვა უწყებას და თანამდებობის პირს.

2014 წელს გაცემული რეკომენდაცია/წინადადებების რაოდენობა ერთ კონკრეტულ უწყებაზე ან თანამდებობის პირზე იძლევა საშულებას, გაანალიზდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ ზოგადი ინფორმაცია და გამოიყოს ის სფერო, სადაც კონცენტრირებულია პრობლემა და მიუთითებს, რომ ამ სფეროში ბევრი რამაა გასაკეთებელი.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი შესაბამისი შედეგის დადგომამდე, გააგრძელებს საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვასა და მონიტორინგს 2014 წლის რეკომენდაცია/წინადადებების შესრულებაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)