სპეციალური ანგარიშები.

საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს ანგარიში 2012 წლის 28 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ

2012 წლის 28–29 აგვისტოს, სოფელ ლაფანყურთან, მდინარე ლოპოტას ხეობაში საქართველოს სამართალდამცავ უწყებათა წარმომადგენლებმა ჩაატარეს სპეციალური ოპერაცია, რომელსაც, ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებული დაჯგუფების 7 წევრისა და საქართველოს სამართალდამცავი უწყებების 3 თანამშრომლის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2012 წლის დეკემბრიდან საკუთარი ინიციატივით დაიწყო აღნიშნული ფაქტის შესწავლა და 2013 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტში „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით წარდგენილ ანგარიშში შესწავლის შედეგებს შესაბამისი თავები დაეთმო2. საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტს, შექმნილიყო საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევდა 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან მომხდარ ფაქტს. თუმცა, საქართველოს პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი განაცხადა, იმ მიზეზით, რომ გამოძიებას საქართველოს საგამოძიებო ორგანოები ატარებდნენ.

საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და დაზარალებულ პირთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით, 2013 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, შექმნა საზოგადოებრივი საბჭო, რომლის მიზანი, სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლა და დოკუმენტირება იყო. საზოგადოებრივი საბჭოს წევრები არიან უჩა ნანუაშვილი, სოსო ცისკარიშვილი, ლია მუხაშავრია, კახა კახიშვილი, უმარ იდიგოვი, ზაურ გუმაშვილი, ხასო ხანგოშვილი, მორატ ქავთარაშვილი, ვახტანგ მაისაია, მამუკა არეშიძე, თამარ გაბისონია და გელა ნიკოლაიშვილი.

საზოგადოებრივი საბჭო არ წარმოადგენს ალტერნატიულ საგამოძიებო უწყებას, პირიქით, მისი მიზანია ხელი შეუწყოს გამოძიების ყოველმხრივ, ეფექტურად და გამჭვირვალედ წარმართვას. საზოგადოებრივი საბჭოს მეთოდოლოგიას წარმოადგენდა ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ ღია წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის მოძიება და შეგროვება, სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციის მატარებელ პირთა ვინაობის დადგენა და მათი გამოკითხვა, დაზარალებულთა ოჯახის წევრების გამოკითხვა. საბჭომ ერთწლიანი მუშაობის შედეგად გამოკითხა სულ 14 პირი, მათ შორის, სპეციალური ოპერაციის შედეგად გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, სოფელ ლაფანყურის მცხოვრებლები, მათ შორის მძევლად მყოფი პირი, აგრეთვე, ის პირები, ვისაც, მათი განცხადებით გააჩნდათ ინფორმაცია 2012 წლის 28–29 აგვისტოს ლაფანყურთან განვითარებული მოვლენების შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველი 2014 წლის 16 მაისს იმყოფებოდა სოფელ ლაფანყურში, სადაც გამოძიების ოფიციალური ვერსიის მიხედვით, მოხდა დაპირისპირება სამართალდამცავებსა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს შორის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება