სპეციალური ანგარიშები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრების მონიტორინგის ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველმა შშმ პირთა დღის ცენტრებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით მომზადებული სპეციალური ანგარში გამოაქვეყნა.

მონიტორინგი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ გაეროს კონვენციის განხორციელების ზედამხედველობის ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი იყო დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფისა და მომსახურების სტანდარტების დაცვის ხარისხის შეფასება.

მომსახურებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სერვისის მიმწოდებლების ნაწილი სათანადოდ არ ასრულებს სახელმწიფო პროგრამითა და სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის, ხარვეზებით იწარმოება დოკუმენტაცია, არ არის სისტემატიზებული ბენეფიციარების შესახებ მონაცემები, მათი მხოლოდ მცირე რაოდენობა ფლობს ინფორმაციას დღის ცენტრების საქმიანობისა და არსებული სერვისების შესახებ.

ზოგი დაწესებულების პერსონალი არ ფლობს სათანადო ცოდნას ბენეფიციართა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის შესახებ. სერვისის მიმწოდებლებს არ აქვთ გაცნობიერებული კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულების არსი და მნიშვნელობა.

დღის ცენტრების ნაწილში დასაქმებულ პირებს არ აქვთ ინფორმაცია შშმ პირის მიმართ ჩადენილი სავარაუდო ძალადობის გამოვლენის მექანიზმებზე, არ აქვთ გავლილი ტრენინგი ამ საკითხთან დაკავშირებით. არ იცნობენ, ან მწირი ინფორმაცია აქვთ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესახებ. მონიტორინგმა გამოავლინა, რომ დღის ცენტრები არ იყენებენ ამ პროცედურებს.

ყველა მომსახურებაში არ ხდება ბენეფიციარების, მათ შორის ხანდაზმული პირების ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და შეზღუდვებზე მორგებული მომსახურების მიწოდება. ხარვეზიანია ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმები და მათ შემუშავებაში არ არიან ჩართულები ბენეფიციარები და მათი კანონიერი წარმომადგენლები. პრაქტიკაში ფორმალური ხასიათი აქვს უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურებს.

სერიოზული გამოწვევაა დღის ცენტრების მომსახურებისთვის გათვალისწინებული ვაუჩერული დაფინანსების ოდენობა. მწირი ფინანსების გამო, ვერ ხერხდება ცენტრების საჭირო სპეციალისტებით, გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა, რაც შშმ პირთა რეაბილიტაციის მიზნებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და აბრკოლებს სტანდარტითა და სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების სათანადოდ განხორციელებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება