სპეციალური ანგარიშები.

სპეციალური ანგარიში სათანადო საცხოვრებლის უფლების თაობაზე

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში – „საქართველოში რიგი სოციალური საცხოვრისების, თავშესაფრებისა და მსგავსი დაწესებულებების მონიტორინგის შემდგომი ანგარიში ქვეყანაში სოციალური საცხოვრისებისა და თავშესაფრების ფაქტობრივ მდგომარეობას აფასებს ადამიანის უფლებათა ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში.

ანგარიში 2025 წელს განხორციელებულ მონიტორინგს ეფუძნება და 12 მუნიციპალიტეტში მდებარე 18 სოციალური საცხოვრისის, მსგავსი დაწესებულებისა და თავშესაფრის შეფასებას მოიცავს. ანგარიშის ფარგლებში დაწესებულებები შეფასებულია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: უსაფრთხოება, ვარგისიანობა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, კლიმატური პირობებისგან დაცვა, საცხოვრებელი სივრცის საკმარისობა, საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, სერვისის მენეჯმენტი და ბენეფიციართა სამართლებრივი გარანტიები.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოში კვლავ არ არსებობს სოციალური საცხოვრისებისა და თავშესაფრების მოწყობის ერთიანი სამართლებრივი და სტანდარტიზებული ჩარჩო, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სათანადო საცხოვრებლის უფლების ეფექტიან რეალიზაციას.

მონიტორინგის შედეგად საცხოვრისების ნაწილში გამოიკვეთა არაერთი სერიოზული გამოწვევა. მათ შორის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ შენობებში ადამიანების ხანგრძლივი ცხოვრება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სერიოზული დარღვევები, კლიმატური პირობებისგან დაუცველი საცხოვრებელი გარემო, საცხოვრებელი სივრცის სიმცირე, სერვისისა თუ მენეჯმენტის არარსებობა და სხვა.

აღნიშნული გამოწვევების პარალელურად, ანგარიშში წარმოდგენილია დადებითი მაგალითები, სადაც სოციალური საცხოვრისებისა და თავშესაფრების პირობები ძირითადად შეესაბამება სათანადო საცხოვრებლის საერთაშორისო სტანდარტებს.

ანგარიშში გაცემულია რეკომენდაციები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ. აღნიშნული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციები დაეხმარება ადრესატ უწყებებს საქართველოში არსებულ სოციალურ საცხოვრისებში, თავშესაფრებსა და მსგავს დაწესებულებებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაში, მათი აღმოფხვრის გზების პოვნასა და სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებული ძირთადი გამოწვევების მოგვარებაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)