წლიური ანგარიშები

ადამიანის უფლებათა მდგომარეობა დახურულ დაწესებულებებში - (პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიში 2012)

აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე დაწესებულებების მონიტორინგში, სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც პრევენციის ეროვნული მექანიზმის მხარდაჭერას ითვალისწინებს, ჩართულნი იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც. დასავლეთ საქართველოში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგში ასევე ჩართულნი იყვნენ წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრის ,,ემპათია“ ექსპერტები.

საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განახორციელეს 587 არაგეგმური ვიზიტი, რომელთა დროსაც მოინახულეს 3852 პატიმარი და 68 გეგმიური ვიზიტი. დროებითი მოთავსების იზოლატორებში - 84 გეგმური ვიზიტი, რა დროსაც მოინახულეს 227 დაკავებული და 31 არაგეგმიური ვიზიტი, მოინახულეს 101 დაკავებული.

მონიტორინგის მიმდინარეობისას სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები დაუბრკოლებლად დაიშვებოდნენ და თავისუფლად გადაადგილდებოდნენ როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებების ტერიტორიაზე, ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორებში. მათ ასევე ეძლეოდათ საშუალება, საკუთარი შეხედულებით შეერჩიათ დაკავებულებთან/პატიმრებთან შეხვედრის ადგილები და გასაუბრებოდნენ მათ.

,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე- 19 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია“, მიუხედავად კანონის ამ მოთხოვნისა, მონიტორინგის შედეგად, ასევე, მედია საშუალებებით გამოქვეყნებული მასალებიდან გამომდინარე გაირკვა, რომ პრაქტიკულად ყველა დაწესებულებაში დამონტაჟებული იყო ფარული ვიდეოთვალი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო როგორც ვიზუალური თვალთვალი, ასევე მიყურადებაც. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელზეც სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები და პატიმრები საუბრობდნენ, ცნობილი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციისთვის და ნებისმიერი სხვა პირისთვის, ვისაც ამგვარ ჩანაწერებზე მიუწვდებოდა ხელი. აღნიშნული წარმოადგენს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სტანდარტების უხეშ დარღვევას, ეჭვქვეშ აყენებს როგორც პატიმრების უსაფრთხოებას, ისე პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობასაც.

გეგმური მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის რწმუნებულები ამოწმებდნენ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობისა და პრაქტიკის შესაბამისობას როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან. მონიტორინგის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თითოეულ დაწესებულებაში დაკავებულების/პატიმრების მიმართ მოპყრობაზე.

მიმაგრებული ფაილები

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)