ვიზიტის შემდგომი ანგარიშები

ანგარიში N6 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის შესახებ

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2018 წლის 2-3 აპრილს N6 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის ანგარიშს. ანგარიშის მომზადებისას სხვა მასალასთან ერთად გამოყენებული იქნა სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტში მონაწილე წევრების ტექნიკური ანგარიშები.

ვიზიტის დროს მოპოვებული დოკუმენტაცია, ასევე მონიტორინგის ჯგუფის წევრთა ანგარიშები ინახება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. ანგარიში შეიცავს მონიტორინგის ჯგუფის ძირითად მიგნებებს და პატიმრებთან ინტერვიუს კონფიდენციალური ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხავს რესპონდენტ პატიმართა იდენტიფიკაციის შესაძლებლობას. ვიზიტის მიმდინარეობის დროს მონიტორინგის ჯგუფის წევრები დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე და ადმინისტრაციის მხრიდან ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის ზოგადი შეფასებით, N6 განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მართვა ვერ უზრუნველყოფს პატიმრების ქცევის პოზიტიური ასპექტების განვითარებას, რისკების შემცირებას, გამოსწორებასა და რეაბილიტაციას. დაწესებულების მართვა დაფუძნებულია პატიმრის ქცევის მართვის ნეგატიურ ასპექტებზე, რათა მაქსიმალური შეზღუდვების, აკრძალვებისა და დისკომფორტის ფონზე მოახდინონ პატიმართა დასჯა, კონტროლი, დამორჩილება და ამ გზით უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)