ზოგადი წინადადება.

სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება კერძო სამართლებრივ შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციასთან ბრძოლის თაობაზე

2025 წლის 18 ნოემბერს სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის თაობაზე ზოგადი წინადადებით მიმართა კერძო კომპანიას.

ზოგადი წინადადებაში სახალხო დამცველმა შეაფასა სამუშაო ადგილზე პრაქტიკული თანასწორობის მიღწევის ბარიერები და იმსჯელა, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ შრომითი ურთიერთობის ყველა ეტაპზე დამსაქმებელმა საქმიანობა თანასწორობის უზრუნველმყოფი და განჭვრეტადი ნორმებით წარმართოს.

განხილულმა საქმემ წარმოაჩინა, რომ თუ კარიერული განვითარების და კონკურს(ებ)ის ჩატარების მომწესრიგებელი პროცედურა არ არის გაწერილი ან/და ბუნდოვანია, სტანდარტულმა და ნეიტრალურმა პრაქტიკამ შესაძლოა უთანასწორო მოპყრობის რისკები წარმოშვას. შესაბამისად, დამსაქმებლებმა შრომით ურთიერთობებში თანაბარი მოპყრობის პრინციპები უნდა დანერგონ და გადაწყვეტილება შიდა პოლიტიკის დოკუმენტით დადგენილი მკაფიო, განჭვრეტადი და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით უნდა მიიღონ.

შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი თანაბრად მიემართებაროგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დამსაქმებლებს, რომელთა პასუხისმგებლობაა შრომით ურთიერთობებში თანასწორობის უზრუნველმყოფი სტანდარტების დანერგვა. სახალხო დამცველის შეფასებით, შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის წახალისების აკრძალვა საჭიროებს პრაქტიკული ზომების გატარებასაც, რათა დასაქმებულებს დაწინაურების, პროფესიული განვითარების, შერჩევისა და სათანადო შრომითი პირობების თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეთ. ამ მიზნით, აუცილებელია დამსაქმებელმა ისეთი მექანიზმები და შიდა პოლიტიკა შეიმუშაოს, რომლებიც კარიერული განვითარების, დაწინაურების, საკონკურსო პროცესებში შეფასებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების უფლებამოსილებას დაარეგულირებს.

სახალხო დამცველმა კომპანიას მოუწოდა:

  • შეიმუშაოს შიდა რეგულაცია, რომელ(ებ)იც ვაკანსიის/კონკურსის მიზნობრიობიდან გამომდინარე, გაითვალისწინებს შერჩევის გამჭვირვალე პროცედურას და თანაზომად კრიტერიუმებს, სახელმძღვანელო პრინციპებს, თანმიმდევრულ მეთოდოლოგიასა და კონკურსის მონაწილეთა სათანადო ინფორმირებულობას;
  • უზრუნველყოს ანტი-დისკრიმინაციულ სტანდარტებზე თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)