სიახლეები

შეხვედრა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან

2019 წლის 10 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს, ევროსაბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის მრჩეველს მარსელ კაპისა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ინფორმაციის გაზიარება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიშისთვის.

სახალხო დამცველმა ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს ქვეყანაში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის საქმიანობა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე და მათ წინაშე მდგარ ძირითად გამოწვევებზე, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება, დოკუმენტაციის პრობლემები, განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.

ნინო ლომჯარიამ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობისათვის და ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდა სახალხო დამცველის მრჩეველი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში მერი კოჭლამაზაშვილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება