სიახლეები

სახალხო დამცველი ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმიანება

2018 წლის 14 ივნისს ევროპარლამენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, სადაც პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, მიმოხილულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ადამიანის უფლებების მდგომარეობა. რეზოლუციაში ევროპარლამენტი რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ ქვეყანას, მოუწოდებს შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მათ შორის ქართველი მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაცია და უზრუნველყოს მართლმსაჯულება ეთნიკურად მოტივირებულ დანაშაულებზე, კონკრეტულად კი საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის საქმეებზე.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება და სრულად იზიარებს ევროპარლამენტის რეზოლუციას. სახალხო დამცველს არა ერთი წინადადება, საჯარო განცხადება თუ სპეციალური ანგარიში აქვს მომზადებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ და ამ თემების ირგვლივ რეგულარულად აწვდის წერილობით თუ ზეპირსიტყვიერ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებს.

შექმნილი მძიმე მდგომაროების გათვალისწინებით, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გააფართოოს და რაც შეიძლება მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს კონფლიქტებით დაზარალებულ პირთათვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამები. ამასთან, ეს პროგრამები უნდა მოიცავდეს განათლების და ჯანდაცვის სფეროებს, ასევე სოციალური დაცვისა და ეკონომიკური დახმარების ინიციატივებს.

მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა „უკეთესი მომავლისათვის“, რომელიც სწორედ ამ მიზნის მიღწევის მცდელობაა. ინიციატივის ეფექტურად განხორციელების მიზნით, მთავრობამ უნდა შეიმუშაოს ერთი მხრივ, კოორდინირებული, მოქნილი და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული მექანიზმები როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე, მეორეს მხრივ, კი დასახოს საკომუნიკაციო სტრატეგია, რათა ინფორმაციამ შეთავაზებული მექანიზმების და შესაძლებლობების შესახებ მიაღწიოს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობამდე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება