სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. ეს დღე ხალხთა შორის მშვიდობის იდეის გაძლიერებას და გავრცელებას ემსახურება. 2017 წლის 21 სექტემბრის თემაა „ყველა ერთად მშვიდობისათვის“. მისი მიზანია მშვიდობის კულტურის გაძლიერების იდეის ირგვლივ საზოგადოების ყველა ჯგუფის წარმომადგენლების გაერთიანება.

საქართველოს სახალხო დამცველის განაცხადებით, მშვიდობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, სადაც ჩვენ ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ვესწრაფვით, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანთა თანასწორობა და სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური და სოციალური ჯგუფების მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაარსებობა. მშვიდობის მშენებლობა კი საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას და დაუღალავ მცდელობას მოითხოვს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2014 წლიდან შეისწავლის კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებებს და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებს წარუდგეს შესაბამის უწყებებს. თუმცა სამწლიანმა გამოცდილებამ ნათელი გახადა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობის დაბალი დონე მთავარ გამოწვევად რჩება, რაც აუარესებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე დე ფაქტო მთავრობებს სოხუმსა და ცხინვალში, შეუერთდნენ დღევანდელ დღეს, გამოხატონ ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობის რეალური ნება და ოფიციალური მოლაპარაკებების დროს პრიორიტეტი კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას მიანიჭონ.

მშვიდობის საერთაშორისო დღე პირველად 1982 წელს აღინიშნა, 2001 წელს კი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 სექტემბერი ცეცხლის შეწყვეტის და ძალადობისგან თავის შეკავების დღედ გამოაცხადა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება