სიახლეები

საერთაშორისო ღონისძიებები დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და რასიზმის წინააღმდეგ

2023 წლის 13-14 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ალბანეთში რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა. ალბანეთის ქალაქ ვლორაში გამართული შეხვედრის მიზანი იყო დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკის განხილვა და გაზიარება.

საერთაშორისო სემინარში დასავლეთ ბალკანეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნების თანასწორობის ორგანოების და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების/ომბუდსმენების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მონაწილეებმა ევროსტანდარტებთან, მათ შორის, ევროკავშირის ანტი-რასიზმის სამოქმედო გეგმასა და ევროპული კომისიის რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ შესაბამისი რეკომენდაციებსა და სხვა შესაბამის სტანდარტებთან ადგილობრივი კანონმდებლობისა და პოლიტიკის ადაპტირებისთვის აუცილებელი საჭიროებები განიხილეს; ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლზე დისკრიმინაციის, რასიზმისა და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც განსაკუთრებით ხაზგასმულია ევროკავშირის რასიზმის საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმაში.

15-16 ივნისს თანასწორობის ორგანოების შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო დისკრიმინაციის და სიძულვილით მოტივირებული საქმეების შესწავლის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მსხვერპლებისთვის მხარდაჭერის სერვისებზე. ამასთან, იმსჯელეს ევროპულ სტანდარტებსა და უახლეს პრაქტიკაზე.

ღონისძიებებში ასევე მონაწილეობდა სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ანა კვაჭაძე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)