სიახლეები

სახალხო დამცველი ევროპული სასამართლოს მიერ განსახილველ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეში მესამე მხარედ ჩაერთო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნა საქმეში მესამე მხარედ ჩართვის შესახებ, რის საფუძველზეც, 2017 წლის 13 ნოემბერს სახალხო დამცველმა ევროპულ სასამართლოს საქმეზე თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ[1]მესამე მხარის ინტერვენციით მიმართა.

საჩივარი შეეხება 2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის მარიკა წივწივაძის მკვლელობას ყოფილი მეუღლის მიერ, რომელმაც შემთხვევის ადგილზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ევროპული სასამართლო საჩივარს ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების საფუძველზე განიხილავს. საჩივარში აღნიშნულია, რომ პოლიციას არაერთხელ ეცნობა ქალის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის და მკვლელობის მუქარის შესახებ, თუმცა, შეტყობინებებს ქმედითი რეაგირება არ მოჰყოლია. ამასთან, მკვლელობის შემდეგ, განმეორებითი მიმართვის მიუხედავად, პოლიციელების გულგრილობის ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. მომჩივანი დავობს, რომ პოლიციამ არ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება, დაეცვა ქალის სიცოცხლე, რაც სქესის საფუძველზე დისკრიმინაციული მოტივით იყო განპირობებული.

საქართველოში არსებულ კონტექსტში საკითხის მასშტაბურობის და მნიშვნელობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩართულიყო ზემოაღნიშნულ საქმეში და ევროპული სასამართლოს წინაშე წარედგინა ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ.

სახალხო დამცველმა ევროპულ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია 2014-2016 წლებში საქართველოში მომხდარი ფემიციდის შემთხვევებზე, ასევე ფემიციდის პრევენციის, მონიტორინგისა და რისკების შეფასების მექანიზმისა და საგამოძიებო ორგანების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ. ყურადღება გაამახვილა ქალების, როგორც ერთ-ერთი დაუცველი ჯგუფის თანასწორობის მდგომარეობისა და მათ მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტებზე.

მესამე მხარედ ჩართვა გულისხმობს ევროპული სასამართლოსთვის მესამე პირის მიერ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობას. საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნული მექანიზმი პირველად გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარიკა წივწივაძის დედისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება, ხოლო შვილისთვის, სრულწლოვანების მიღწევამდე, ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაეკისრა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება