სიახლეები

სახალხო დამცველის რეკომენდაცია ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის სოციალური პროგრამების ხელმისაწვდომობის შესახებ

2017 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოქალაქეობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ მიმართა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებელს აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა, თუმცა, იგი ვერ სარგებლობს C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით, ვინაიდან არ არის საქართველოს მოქალაქე.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სოციალური ბენეფიტების მიღების მიზნებისთვის, საქართველოს მოქალაქეები და ბინადრობის მუდმივი მოწმობის მქონე პირები არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, ვინაიდან ბინადრობის ნებართვის მქონე პირი მოქალაქეთა თანასწორად იხდის კანონით დადგენილ გადასახადებს და თავისი წვლილი შეაქვს საზოგადოების კეთილდღეობაში, შესაბამისად, სახელმწიფო მათ დროებითი ვიზიტორების მსგავსად არ უნდა მოეპყრას.

სახალხო დამცველმა სამინიტროს მოუწოდა - გონივრულ ვადაში უზრუნველყოს განმცხადებლის მიერ C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა, ასევე, საქართველოს მთავრობას მიმართა, აღნიშნულ პროგრამაში განხორციელდეს ცვლილებები იმგვარად, რომ არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები, საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად, ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისათვის და მომავალში, სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვისა და შემუშავების პროცესში იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება