სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება თბილისში ე.წ. ვეტერანთა დასახლებაში არსებულ საცხოვრებელ პირობებზე

სახალხო დამცველი ეხმაურება ქ. თბილისში, ქეთევან წამებულის N 71–ში არსებულ ვეტერანთა დასახლებაში ა.წ. 14 ივლისს მომხდარ ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დროული და ეფექტური მოქმედებისაკენ, რადგან იქ მცხოვრებ ადამიანების სიცოცხლეს ექმნება რეალური საფრთხე.

თბილისში, ქეთევან წამებულის 71-ში, 1997 წლიდან, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა ზეპირი თანხმობით ცხოვრობენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები. აღნიშნული ტერიტორია და შენობა – ნაგებობები 2008 წელს თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან გადავიდა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, ხოლო ამ უკანასკნელმა შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფ“–ის სახელით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ს.ს. „რეალ ინვესტ“–ზე. 2008 წლის 20 მაისს დადებული ხელშეკრულების მიხედვით მყიდველისთვის ცნობილია, რომ ტერიტორიაზე ცხოვრობენ გარეშე პირები და ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად გამყიდველის პასუხისმგებლობა გამოირიცხება. მთლიან ტერიტორიაზე ცხოვრობს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა 14 ოჯახი. ტერიტორიაზე არსებული შენობები ავარიულია და არსებობს მათი დანგრევის საფრთხე. შენობებში ჩადის წვიმა და განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება ხის კოტეჯს, რომელში ცხოვრებაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია.

კოტეჯში ერთ-ერთ ბინაში 1997 წლიდან თავდაცვის სამინისტროს ნებართვით ცხოვრობს აფხაზეთის ომის ვეტერანი მ.შ., შვილთან, 2008 წლის ომის ვეტერან, ს. გ-სთან ერთად.

მიმდინარე წლის 14 ივლისს მ.შ-ს საცხოვრებელ ოთახში ჩამოინგრა ჭერის ნაწილი და ჩაინგრა მეზობლის ოთახისგან გამყოფი ხის ფიცრის კედელი. ჩამონგრევის დროს ოთახში იმყოფებოდა მ. შ., რომელსაც დაეცა ნანგრევები და მიიღო დაზიანებები თავის არეში, თავის ტვინის მსუბუქი შერყევა. დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ, სადაც აღმოუჩინეს საჭირო სამედიცინო დახმარება.

მ. შ – ს და ს. გ–ს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ და ამჟამადაც ამ შენობაში ცხოვრობენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ადგილზე მოინახულა მდგომარეობა. ოთახში ჭერის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია, ხის იატაკი ჩაცვენილია, ფიცრის კედლები დაზიანებულია და არსებობს საფრთხე რომ ჭერი მთლიანად ჩამოინგრევა.

ზემოთ მოყვანილმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ქ. თბილისში, ქეთევან წამებულის N 71–შივეტერანთა დასახლებაში არსებული მდგომარეობა სავალალოა და საჭიროებს მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას. საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები იქ მცხოვრებ ადამიანთა თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის, რათა არ დადგეს უფრო მძიმე შედეგი.

2015 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში დეტალურად იქნა აღწერილი ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მყოფი ვეტერანების გაუსაძლისი მდგომარეობა და საქართველოს მთავრობას გაეწია რეკომენდაცია ქ. თბილისში, ქეთევან წამებულის #71 –ში შპს „რეალ ინვესტ“– ის ტერიტორიაზე მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის გამოყოფილოყო ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი; თუმცა, საქართველოს პარლამენტის „2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში აღნიშნული რეკომენდაცია გათვალისწინებული არ არის.

საქართველოს კანონმდებლობით, ერთადერთი გარანტია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არის „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი, სადაც მითითებულია, რომ დაუშვებელია დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან ომისა და სამხედო ძალების ვეტერანთა გამოსახლება, სამაგიეროს მიუცემლად.

სხვა შემთხვევაში, ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანები ხვდებიან რიგით უსახლკაროთა კატეგორიაშ, ყოველგვარი განსაკუთრებული სტატუსის გარეშე.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში სათანადო საცხოვრებლის უფლება ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას წარმოადგენს და დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის საფუძველზე სახელმწიფოებმა აღიარეს, რომ ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.[1] გარდა ამისა, საქართველოს მიერ საცხოვრებლის უფლება აღიარებულია გაეროს 1966 წლის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების პაქტის საფუძველზე. შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებებისა, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს სტრატეგია და იზრუნოს ქვეყანაში არსებული უსახლკარობის პრობლემის ეფექტურად და მოკლე ვადებში აღმოფხვრისათვის.

სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფა და მათ არ უნდა ტოვებდნენ ყურადღების მიღმა, რადგან ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხითაც.

ადამიანები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ქვეყნის მთლიანობისათვის ბრძოლაში იმსახურებენ ღირსეულ მოპყრობას და ზრუნვას სახელმწიფოს მხრიდან, რაც მაგალითი უნდა იყოს მოქმედი და მომავალი სამხედროებისათვის და ომის მონაწილებისთვის.



[1]გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1948 წლის 10 დეკემბრის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“, მუხ 25, პუნ 1

1

2

3

4

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება