სიახლეები

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველის წინადადება გაიზიარა

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველის წინადადება გაიზიარა და დაწესებულების კონკრეტული თანამშრომლების მიმართ სამართლებრივი ღონისძიებები გაატარა.

აპარატის შემოწმების შედეგებმა ცხადყო, რომ მსჯავრდებულ ნ.მ.-ს დეესკალაციის ოთახში გადაყვანის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების მორიგე თანამშრომლებს, შესაბამის ოქმებში, არასწორი ინფორმაცია შეჰქონდათ დროის კონკრეტულ მონაკვეთებში პატიმრის მდგომარეობის შესახებ.

კერძოდ, ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მაშინ, როდესაც დროის კონკრეტულ მონაკვეთებში, მსჯავრდებული იმყოფებოდა მშვიდად და მისი მხრიდან არ შეინიშნებოდა რაიმე სახის მოქმედება, საუბარი, აღელვება ან სხვაგვარი იმ ტიპის ქცევა, რომელიც მიუთითებდა რომ იგი შესაძლოა საფრთხეს უქმნიდა საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და სხვა, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები დოკუმენტაციაში მიუთითებდნენ, რომ ამ დროს პატიმარი იყო „აღელვებული“, „აგრესიული“ ან „იმუქრებოდა თვითდაზიანებით“. ამასთან, არცერთ შემთხვევაში, არ ჩანს, რომ დაწესებულების რომელიმე თანამშრომელი დეესკალაციის ოთახთან, თუნდაც ფორმალურად მისულიყო და მსჯავრდებულზე ვიზუალური დაკვირვება/შემოწმება მოეხდინა.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა წინადადებით მოითხოვა დასახელებული უფლებამოსილი პირების მიმართ სამართლებრივი ზომების მიღება.

იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ - სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველის წინადადება გაიზიარა.

სახალხო დამცველის აპარატი კვლავ აქტიურად გააგრძელებს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვაზე მონიტორინგს და გამოიყენებს მანდატის შესაბამის ყველა მექანიზმს პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)