სხვა ნიშანი

რეკომენდაცია „ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებას“ ქონებრივი მდგომარეობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხზე

2016 წლის 13 მაისს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ა(ა)იპ „ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებას“ წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობებში ქონებრივი მდგომარეობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებით.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, სოფელ ღურტას ახალგახსნილ საბავშვო ბაღში პედაგოგის პოზიციაზე დასაქმების ერთ-ერთ კრიტერიუმს კანდიდატის ოჯახის სოციალური მდგომარეობა წარმოადგენდა, რომლის შეფასება მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ღურტას წარმომადგენლობის და მოსახლეობისგან მიღებულ ზეპირ ინფორმაციას ემყარებოდა.

სახალხო დამცველმა დასახელებული კრიტერიუმი პოზიტიურ ღონისძიებად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიებების განხორციელება, რიგ შემთხვევებში, შეიძლება უთანასწორობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდეს, თუმცა, მსგავსი ზომები უნდა გატარდეს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების კონტექსტის გათვალისწინებით და არ იწვევდეს სხვათა თანასწორობის უფლების შელახვას.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ პოზიტიური ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში, წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობებში დამსაქმებელმა ობიექტურად და სამართლიანად უნდა შეაფასოს ყველა კანდიდატი. პოზიტიური ღონისძიების გამოყენება დასაშვებია, როდესაც ამგვარი ობიექტური შეფასებით შერჩეულია რამდენიმე კანდიდატი და მათ თანაბრად შეუძლიათ კონკრეტული პოზიციისთვის საჭირო მოვალეობების შესრულება.

მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა პოზიტიური ღონისძიებების გამოყენების წინაპირობა, რამდენადაც, დასაქმების ერთ-ერთი კრიტერიუმი - კანდიდატის ქონებრივი მდგომარეობა - იწვევდა პირთა გარკვეული ჯგუფის ავტომატურ გამორიცხვას და საფუძველშივე ზღუდავდა კანდიდატების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას. ამას გარდა, არ არსებობდა აღნიშნული კრიტერიუმის შეფასების ეფექტური მექანიზმი და მისი განსაზღვრა არა ოფიციალური მონაცემების, არამედ სოფლის წარმომადგენლობისა და მოსახლეობისგან ზეპირი სახით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ხდებოდა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დასაქმება ადამიანის ინდივიდუალური არჩევანის ერთ-ერთი გამოხატულებაა. სამუშაოს განხორციელებისას პირს ეძლევა შესაძლებლობა, მოახდინოს თვითრეალიზაცია და სანაცვლოდ ჰქონდეს საკუთარი შემოსავლის წყარო. დაუშვებელია, დასაქმების უფლებით სარგებლობა განპირობებული იყოს არა კონკრეტული კანდიდატის ინდივიდუალური მახასიათებლების, არამედ მისი ოჯახის წევრების შემოსავლის გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებაზე უარი წარმოადგენს პირდაპირ დისკრიმინაციას ქონებრივი მდგომარეობის ნიშნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება