ახალი ამბები

9 დეკემბერს მსოფლიო უფლებადამცველების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

2018 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მონაწილეობა მიიღო უფლებადამცველების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციების სახელით გამართულ ღონისძიებაში.

ღონისძიების მიზანია უფლებადამცველების საერთაშორისო დღის აღნიშვნის დამკვიდრება საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს უფლებადამცველების და უფლებადაცვითი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას და მათი როლის სათანადოდ აღიარებას.

უფლებადამცველების საერთაშორისო დღე აღიარებს უფლებადამცველების განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს საზოგადოების და დემოკრატიის განვითარებაში და მშვიდობის გაძლიერებაში. მაშინ, როდესაც საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის გაეროს უფლებადამცველების შესახებ დეკლარაციით, არსებობს უფლებადამცველების დაცვისთვის აღიარებული პრინციპები, სამწუხაროდ, გრძელდება უფლებადამცველებისა და აქტივისტების შევიწროება და დევნა.

ღონისძიებაზე უფლებადამცველების შესახებ დეკლარაციის 20 წლისთავთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის მიერ შემუშავებული საინფორმაციო ბუკლეტი და პოსტერები წარმოადგინეს, სადაც დეტალურად არის განმარტებული უფლებადამცველების წინაშე არსებული საფრთხეები და მათი დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპები.

ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)