ახალი ამბები

ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისაკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანიის პრეზენტაცია

2018 წლის 1 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მონაწილეობა მიიღო ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისაკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანიის პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, სადაც განსაკუთრებულად შეაფასა კამპანიის მნიშვნელობა ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში ბავშვთა განათლების, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლების განხორციელების გამოწვევებზე. აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ თვალსაჩინოა ბავშვის მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელი, გამოვლენის და პრევენციის სირთულეები, რასაც ერთი მხრივ საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებები, ხოლო მეორე მხრივ დაცვისა და დახმარების ღონისძიებების არაეფექტურობა იწვევს.

პრობლემად რჩება ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დროული გამოვლენა, ოჯახში ძალადობის პრევენცია და მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაცია. სახელმწიფოს არ გადაუდგამს საკმარისი ნაბიჯები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ძალადობისგან დაცვისა და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფის კუთხით. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კანონმდებლობით კვლავ არ არის დარეგულირებული ბავშვის სხეულებრივი დასჯის აკრძალვა.

„აშკარაა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, მისი დამოკიდებულებების ცვლილების საჭიროება. სახელმწიფოსთან ერთად, სწორედ საზოგადოების აქტიური ჩართულობით იქნება შესაძლებელი სისტემური ხასიათის პრობლემების აღმოფხვრა და ბავშვებისთვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნა. განსაკუთრებული როლი ენიჭება ასევე მედიასაშუალებებს, რადგან მათი მეშვეობით შესაძლებელია საზოგადოებამდე სწორი მესიჯის მიტანა და გარდამტეხი ცვლილების შეტანა ძალადობრივ დამოკიდებულებასა და წინასწარ განწყობებში,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.

გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით იწყებს საკომუნიკაციო კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული არსებული ნორმების გადახედვას და მათზე მსჯელობას, ახალ სოციალურ ნორმებზე შეთანხმებას და მათ დამკვიდრებას. ინიციატივა ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, თუ რა არის ბავშვთა მიმართ ძალადობა და შეთანხმებას, რომ ძალადობა მიუღებელია.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ აპარატი აქტიურად ჩაერთვება კამპანიის განხორციელების ყველა ეტაპზე და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება ყველა ბავშვისთვის თანასწორი და ძალადობისგან დაცლილი გარემოს შექმნა.

1.06.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)