ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატის ონლაინ კონფერენცია თემაზე: „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“

2020 წლის 30 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ონლაინ კონფერენცია გამართა თემაზე - „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“. ღონისძიებაზე 2014-2018 წლების ფემიციდის მონიტორინგის ანგარიში განიხილეს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით ქვეყანაში გატარებული მართლმსაჯულების პოლიტიკის მთავარ ტენდენციებს, მიღწევებსა და გამოწვევებს ასახავს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცალკეული მექანიზმები დაიხვეწა და განვითარდა, 2020 წლის 1 იანვრიდან მომხდარი 8 ქალის გენდერული ნიშნით მკვლელობა და ხუთი მკვლელობის მცდელობა მიუთითებს, რომ არსებული სისტემა, რომელიც უმეტესად რეაქციულია და უკვე მომხდარ ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავი უწყების ჩართულობას გულისხმობს, არ არის ეფექტური“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პირველი წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით:

  • ფემიციდის რიცხვი 5 წლიან პერიოდში მკვეთრად არ შემცირებულა, ხოლო ფემიციდის მცდელობების რაოდენობა გაზრდილია. შესაბამისად, პრობლემურია შემთხვევათა პრევენცია
  • დანაშაულს ყველაზე ხშირად ჩადიან ქმრები/პარტნიორები, ყოფილი ქმრები/პარტნიორები
  • კვლავ არ არსებობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სტატისტიკის შეგროვების და დამუშავების ერთიანი მეთოდოლოგიური სტანდარტი
  • პრობლემურია ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის საქმეებზე გენდერული მოტივის გამოკვეთა და ყველაზე ხშირად შურისძიება და ეჭვიანობა იდენტიფიცირდება
  • გაუმჯობესდა გამოძიების ეტაპზე ფემიციდამდე და ფემიციდის მცდელობამდე ძალადობის წინაისტორიის შესწავლა; 2018 წლიდან აღარ იკვეთება ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის საქმეებში საპროცესო შეთანხმების გაფორმების პრაქტიკა და არაპროპორციულად მსუბუქი სასჯელების დაკისრება

ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება