ახალი ამბები

სახალხო დამცველის მოადგილე გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის სხდომის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

2019 წლის 11–15 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ანა ილურიძემ და მარიამ თავდგირიძემ ნიუ–იორკში მიმდინარე, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 63–ე სხდომაში მიიღეს მონაწილეობა. სხდომის ფარგლებში მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება, ინტერაქტიული დიალოგი და შეხვედრა გაიმართა.

11 მარტს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების შეხვედრას დაესწრნენ, რომლის მიზანს წარმოადგენდა ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება და ქალთა სტატუსის კომისიის სხდომის ფარგლებში მომავალი აქტივობების და ადვოკატირების შესაძლებლობების განხილვა.

13 მარტს საქართველომ გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით უმასპინძლა ღონისძიებას, რომელიც შეეხებოდა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის და მონიტორინგის საკითხებს გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის, და ამ მხრივ, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლს. ეკატერინე სხილაძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობასა და გამოცდილებაზე, ასევე ქვეყანაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და გაეროს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით დაგეგმილ და განხორციელებულ საქმიანობაზე.

ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიერ სხდომის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებაზე - „ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის ინიციატივა და საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების როლი ფემიციდის პრევენციაში“, სახალხო დამცველის გენდერის დეპარტამენტის უფროსმა ანა ილურიძემ ისაუბრა სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილ ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის მუშაობის მნიშვნელობაზე საქართველოში, ხაზი გაუსვა იმ მიღწევებს, რომელიც ქალთა მკვლელობების საქმეთა ანალიზის შედეგად შემუშავებული სპეციალური ანგარიშის რეკომენდაციების განხორციელების შედეგია.

* გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის სხდომა წარმოადგენს მსოფლიო ლიდერების, არასამთავრობო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლების, გაეროს პარტნიორებისა და აქტივისტების ერთ–ერთ ყველაზე მასშტაბურ შეკრებას, რომელიც უკავშირდება ქალთა და გოგონათა უფლებების საკითხებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)