ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს შეხვდა

2018 წლის 12 აპრილს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს შეხვდა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული და მიმდინარე რეფორმების, აგრეთვე სამომავლო გეგმების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

შეხვედრაზე ადამინის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. განიხილეს პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე, განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. კახა კახიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს პენიტენციური დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა წარმოადგენს.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დადებითად შეაფასა სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმები და ამავე დროს აღნიშნა, რომ არსებობს რიგი საკითხები, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ომბუდსმენის აპარატთან თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და არსებული გამოწვევები ერთობლივი კონსულტაციის შედეგად პოზიტიურად გადაწყდება.

შეხვედრას სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნიკა კვარაცხელია და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

12.04.18
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)