ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველმა სომხეთის ომბუდსმენთან ერთად ერევანში სასჯელაღსრულების დაწესებულება დაათვალიერა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის ომბუდსმენთან არმენ ტატოიანთან ერთად სასჯელაღსრულების დაწესებულება დაათვალიერა. გაეცნო ციხის პირობებსა და ინფრასტრუქტურას. ასევე შეხვდა და გაესაუბრა პატიმრებს, როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასჯელს ერევნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.

დღესვე, სახალხო დამცველმა მოადგილეებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად სომხეთის სახალხო დამცველთან გამართულ შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ დეტალურად ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.

"სომხეთის და საქართველოს უფლებადაცვით ორგანიზაციებს ერთნაირი გამოწვევები გვაქვს, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება. ასევე ხაზგასასმელია პროექტები რომელთა განხორციელებასაც საერთაშორისო დონეზე ვგეგმავთ სომხეთთან ერთად", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ურთიერობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა სომხეთის ომბუდსმენს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა, რომელსაც უახლოეს პერიოდში ხელი საქართველოში მოეწერება.

17.07.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)