ახალი ამბები

სახალხო დამცველი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს შეხვდა

2018 წლის 18 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოაგილეები თამარ გვარამაძე, გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) დირექტორს ინგებორგ სოულრუნს და დემოკრატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მარკინ ვალესკის შეხვდნენ.

სახალხო დამცველმა მოკლედ მიმოიხილა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა და სახალხო დამცველის მანდატი. ისაუბრა ასევე სამართალდამცავ სფეროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე, გამოწვევებზე. სტუმარი განსაკუთრებით დაინტერესდა საარჩევნო გარემოთი, გენდერული თანასწორობის საკითხებით, მათ შორის, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობით; გაეცნო ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ მდგომარეობას.

შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზეც ისაუბრეს. ინგებორგ სოულრუნმა სახალხო დამცველს საკანონმდებლო ინიციატივების (წინადადებების) შემუშავებასა და მოსაზრებების მომზადებაში დახმარება აღუთქვა.

სახალხო დამცველის შეხვედრა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორთან
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)