ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და სამართლიანი სასამართლოს გარანტიებით სარგებლობის შესახებ

2018 წლის 12 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებოდა, რომლებზეც 11 ივნისის აქციაზე სავარაუდოდ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს განიხილავდნენ. დაკავებული პირები სასამართლოში მთელი დღე ელოდნენ მათი საქმის განხილვის რიგს, ვინაიდან რამდენიმე საქმეს ერთი მოსამართლე იხილავდა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რამდენად არაკონსტიტუციურია მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და როგორ არ უზრუნველყოფს ის სამართლიანი სასამართლოს გარანტიებით სარგებლობას. ამ პრობლემებზე სახალხო დამცველი უკვე წლებია მიუთითებს თავის ანგარიშებში.

„იმედია პარლამენტი მალე მოახდენს ახალი, სამართლიანი განხილვის პრინციპზე დაფუძნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ინიცირებას და მიღებას. წელს, როდესაც დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღვნიშნავთ, საბჭოთა წარსულის ერთ-ერთი სიმბოლო, 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უნდა გავაუქმოთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასამართლო მომავალში უფრო მეტ ადამიანურ რესურსს გამონახავს და ადმინისტრაციულ საქმეებს ერთზე მეტი მოსამართლე განიხილავს, რათა შესაძლებელი იყოს საქმეთა დაჩქარებულ რეჟიმში განხილვა.

ასევე აუცილებელია, რომ მიმდინარე პროცესების ფარგლებში ადმინისტრაციულმა სასამართლოებმა გადაწყვეტილება ნეიტრალურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღონ.

სახალხო დამცველი ბოლომდე დააკვირდება პროცესს და დარღვევების იდენტიფიცირების შემთხვევაში მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებებს გამოიყენებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)