ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით

2017 წლის 21 ოქტომბერს სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში, საკრებულოს წევრებისა და მერების არჩევის მიზნით გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მონიტორინგმა ცხადყო, რომ არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრობლემური საკითხები.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა საარჩევნო უბნებზე გადაამოწმეს დარღვევების შესახებ ცხელი ხაზისა თუ მედიის საშუალებით მიღებული ინფორმაცია. დაფიქსირდა საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნის, კომისიის მიერ საჩივრის არდარეგისტრირების შემთხვევა, საკონტროლო ფურცლების არასწორად შევსების, კენჭისყრის პროცესის საკონტროლო ფურცლის საარჩევნო ყუთში მოთავსების გარეშე დაწყების, საარჩევნო უბნის ბეჭდის დაკარგვის, სადემონსტრაციო ოქმების არასწორად შევსების, რეგისტრატორების მიერ ბიულეტინებზე წინასწარ ხელის მოწერის, მართვის მოწმობით ხმის მიცემის, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზების შემთხვევები. გამოკვეთილი ხარვეზების ნაწილი დაკავშირებულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არასათანადო მომზადებასთან.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა კენჭისყრის პროცესს მონიტორინგი გაუწიეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში რუხის, შამგონას, ხურჩის, ორსანტიის, და განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კენჭისყრამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია. გამოვლინდა პროცედურული სახის დარღვევები, რომლებიც კენჭისყრის საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა.

ხმის მიცემის პროცესს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მონიტორინგი გაუწიეს ასევე, ქუთაისის N2 და ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებებში და ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ხმის მიცემის პროცესმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. მშვიდ ვითარებაში და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა არჩევნებმა თბილისში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც.

განსაკუთრებულად პრობლემური იყო საარჩევნო უბანზე გარკვეული პირების – საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლების შესახებ მონაცემების შეგროვების საკითხი. სახალხო დამცველი არ იზიარებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამომრჩევლის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია პერსონალური მონაცემები არ არის. აღნიშნული მონაცემები პერსონალურია იმისდა მიუხედავად, თუ რა რეჟიმია დადგენილი მათი ხელმისაწვდომობისათვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი შეგროვება ხორციელდებოდეს კანონით დადგენილი პრინციპების შესაბამისად: სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად, მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის და მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების შეგროვება შესაძლოა არღვევდეს საქართველოში არჩევნების ძირითად პრინციპსაც – ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვისა და მის გამოვლენაზე კონტროლის აკრძალვას. აღნიშნული პრინციპის რეალიზებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ასევე ბოლო პერიოდში და მიმდინარე არჩევნებზეც მკვეთრად გამოხატული პრაქტიკა, როდესაც საარჩევნო სუბიექტების ე.წ. კოორდინატორები და აგიტატორები საარჩევნო უბნების გარეთ მასობრივად არიან მობილიზებულები და აწარმოებენ საარჩევნო უბნებში გამოცხადებული ამომრჩევლების აღრიცხვას.

მისასალმებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გამოხმაურება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, ამ ინსტიტუტის ფარგლებში შემოწმდეს მსგავსი ქმედებების კანონიერება.

საყურადღებოა ასევე გავრცელებული ინფორმაცია ცალკეული საარჩევნო სუბიექტების მხრიდან ამომრჩევლების საარჩევნო უბნამდე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა შეიცავდეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.

რაც შეეხება ძალადობის ცალკეული ფაქტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის და თვალყურს მიადევნებს მათთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოების მიერ განხორციელებულ რეაგირებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)