ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება თანდოიანცის ეკლესიასთან დაკავშირებით

2018 წლის 13 მარტს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შესაბამის უწყებებს,[1] თანდოიანცის ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის საკუთრებაში გადაცემის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ამავე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერების მოთხოვნით, ვინაიდან აღნიშნული სამუშაოები ცვლიდა მის იერსახეს.

თანდოიანცის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც თბილისში, აღმაშენებლის გამზირის N38-ში მდებარეობს. სსიპ „სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის“ საქართველოს ეპარქია არაერთი წელია სხვა ტაძრებთან ერთად მის გადაცემასაც ითხოვს. 2017 წლის ივლისში აღნიშნული ქონების მესაკუთრე სსიპ „სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია“ გახდა და ძეგლზე იმგვარ სამუშაოებს ახორციელებდა, რომელიც არსებითად ცვლიდა მის იერსახეს.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული საკულტო ნაგებობის საქართველოს საპატრიარქოსათვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება პასუხისმგებელმა უწყებებმა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშე მიიღეს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დღეს არსებული ნანგრევების საქართველოს საპატრიარქოსადმი კუთვნილებას დაადასტურებდა, საქმის გარშემო არსებული მასალები კი მათი კუთვნილების თაობაზე სხვა გარემოებებს მიუთითებს. კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათში მითითებულია მისი სომხური ეკლესიისადმი კონფესიური კუთვნილების თაობაზე, კედელზე შემორჩენილია სომხურენოვანი წარწერა, რომელიც მის აღმშენებელზე, კეკელ გრიგორიან-თანდოიანცზე უთითებს და სხვა. ამასთან, სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახის შენარჩუნების აუცილებლობაზე. რეკომენდაციაში ხაზი გაესვა საბჭოთა პერიოდში სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებებისათვის ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების რესტიტუციის პრობლემასაც, რომელთა შორისაა თანდოიანცის ეკლესია. როგორც არაერთხელ იქნა აღნიშნული, საქართველოს საპატრიარქოსგან განსხვავებით, ამ დრომდე გადაუჭრელია სხვა რელიგიური გაერთიანებებისათვის ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხი.

ადრესატმა უწყებებმა არ გაიზიარეს სახალხო დამცველის რეკომენდაცია. განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პოზიციები. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციაში ხაზგასმით იყო აღნიშნული ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების და მოსალოდნელი საფრთხეების თაობაზე, და ევალებოდათ კიდეც სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელება, ადრესატები შემოიფარგლნენ ძეგლზე გაცემული კვლევითი სამუშაოების ნებართვაზე მითითებით და არ შეამოწმეს სანებართვო პირობების შესრულება. 2018 წლის მარტის ბოლოს გადაღებული ფოტოები ადასტურებს, რომ საკულტო ნაგებობის გარკვეულ ნაწილზე დემონტაჟია განხორციელებული, რაც სცდება კვლევითი სამუშაოების არსს, ცვლის ძეგლის იერსახეს და აზიანებს მის კულტურულ ღირებულებას. უარყოფითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ სამინისტრომ დაუყოვნებლივ არ შეაჩერა ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები და არ მიმართა ეფექტურ ძალისხმევას ძეგლის იერსახის შესანარჩუნებლად, მაშინ როდესაც სახალხო დამცველის რეკომენდაცია და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტომასალა უწყებას ატყობინებდა იერსახის ცვლილების თაობაზე.



[1] საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)