ახალი ამბები

სახალხო დამცველმა ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი მოინახულა

2018 წლის 6 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა და ესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციას და ბენეფიციარებს; დაათვალიერა შენობა, საწყობი, შეამოწმა საკვებისა და მედიკამენტების მარაგი.

სახალხო დამცველის შეფასებით, პანსიონატის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კომუნიკაციები გამართულად მუშაობს. თუმცა, მოსაწესრიგებელია შიდა ეზო და დასასვენებელი ადგილების ინფრასტრუქტურა.

სახალხო დამცველთან საუბარში ბენეფიციარები აღნიშნავდნენ, რომ პანსიონატის სიახლოვეს არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ხანდაზმულებს გადაადგილების პრობლემას უქმნის, ხოლო ახლობლებს მათ მონახულებას ურთულებს.

ზოგადად პანსიონატში არსებული პირობებით და პერსონალთან ურთიერთობით ბენეფიციარები კამაყოფილი არიან. ადმინისტრაციის ცნობით, პანსიონატი 95 ადამიანზეა გათვლილი. ბენეფიციარები დაუბრკოლებლად იღებენ მათთვის საჭირო სერვისსა და ინვენტარს. როგორც სახალხო დამცველთან საუბარში განაცხადეს, ძირითად პრობლემას მომსახურე პერსონალის ანაზღაურება წარმოადგენს, რომელიც მიუხედავად რთული, 24 საათიანი სამუშაო გრაფიკისა, 200-დან 350 ლარამდე მერყეობს.

პანსიონატში არსებული პრობლემების აღმოფხვრის რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველი შესაბამის უწყებებს უახლოეს პერიოდში მიმართვს.


იხილეთ ფოტო გალერეა - flickr-ზე

სახალხო დამცველმა ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი მოინახულა 6.03.18 Public Defender Visits Kutaisi Boarding House for Older Persons

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)