ახალი ამბები

სახალხო დამცველი ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში ანკარაში შეხვედრებს განაგრძობს

ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თურქეთის მთავარ ომბუდსმენს შერეფ მალკოჩს და ომბუდსმენებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის ომბუდსმენის ინსტიტუტებს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შერეფ მალკოჩმა სახალხო დამცველს თურქეთის ომბუდსმენის ინსტიტუტის სტრუქტურა და საქმეების შესწავლის წესი გააცნო.

თურქეთის ადამიანის უფლებათა და თანასწორობის ინსტიტუტის ხელმძღვანელთან მუჰარემ კილიჩთან გამართულ შეხვედრაზე ინსტიტუტის მანდატზე, თურქეთის პრევენციის ეროვნული მექანიზმისა და ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის მუშაობის საკითხებზე, საგანმანათლებლო, კვლევითი და ცნობიერების ამაღლების აქტივობებზე ისაუბრეს. ლევან იოსელიანმა საქართველოს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის საუკეთესო პრაქტიკა მიმოიხილა. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას ცნობიერების ამაღლებისმიმართულებით. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მზად არის თურქ კოლეგებს, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ფარგლებში, აპარატის მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიაროს.

ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიორგი ჯანჯღავას შეხვდა და თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის მდგომარეობაზე მიიღო ინფორმაცია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)