ახალი ამბები

სოციალური მომსახურების სააგენტომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაითვალისწინა

საქართველოს სახალხო დამცველმა 2018 წლის 17 თებერვალს რეკომენდაციით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს და მოქალაქისთვის ბიუჯეტის სასარგებლოდ უკანონოდ დაბრუნებული, კანონმდებლობით ლეგალიზებული, სოციალური დახმარების ანაზღაურება მოითხოვა.

ფულადი სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის წევრმა ე.ბ.-მ 2014 წლის ივლისში სახელმწიფო საზღვარი სოციალური მომსახურების სააგენტოს შეტყობინების გარეშე გადაკვეთა, რის შემდეგაც 6 თვის განმავლობაში მას კვლავ ერიცხებოდა სოციალური დახმარება. 2016 წლის თებერვალში სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონულმა განყოფილებამ განმცხადებელს საარსებო შემწეობის 6 თვის თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან დაბრუნება მოსთხოვა, იმ მიზეზით, რომ არასწორად იყო გაცემული. განმცხადებელმა მიმართა სახალხო დამცველის აპარატს სააგენტოს მოთხოვნის კანონიერების შესასწავლად, პარალელურად დაიწყო თანხის დაბრუნება რათა ჯარიმა არ დარიცხვოდა და ბიუჯეტის სასარგებლოდ ყოველთვიურად იხდიდა 100 ლარს.

სახალხო დამცველის აპარატმა საქმის შესწავლისას დაადგინა, რომ სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის 261–ე მუხლით გათვალისწინებული ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის ლეგალიზაცია გულისხმობს, რომ 2015 წლის 1 აპრილამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა დაბრუნებას არ ექვემდებარება. ამის მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონულმა განყოფილებამ და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა მიიჩნიეს, რომ ვინაიდან საბანკო ანგარიშიდან თანხა 2015 წლის 1 აპრილის შემდგომ გაიტანეს, თანხის დაბრუნების მოთხოვნა სრულიად კანონიერი იყო.

აღსანიშნავია, რომ რეალურად, სააგენტომ შემწეობის თანხა 2014 წლის მაისიდან იმავე წლის დეკემბრის თვის ჩათვლით გასცა. შესაბამისად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოთხოვნა არ იყო სამართლებრივად დასაბუთებული და უწყებას მოქალაქისთვის თანხის უკან დაბრუნების რეკომენდაციით მიმართა.

სოციალური მომსახურების სააგენტომ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და ე.ბ.-ის მიერ სახაზინო ანგარიშზე არასწორად ჩარიცხული 500 ლარის მისთვის უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ რეკომენდაციის შესრულებას და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ფაქტი სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის მაგალითის მიმცემი იქნება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)