ახალი ამბები

ტრენინგი ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საერთაშორისო დაცვის საკითხებზე

2018 წლის 12-13 ივნისს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით აპარატის როლსა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგზე სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა ისაუბრა ორგანიზაციის მანდატსა და საქართველოში წარმართულ საქმიანობაზე; განიხილა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციით განსაზღვრული უნივერსალური პრინციპები, მათ შორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, კონფიდენციალურობა, არ გაძევების პრინციპი და თავშესაფრის მაძიებელთა ხელმისაწვდომობის საკითხები. წინა წლებთან განსხვავებით, ტრენინგზე თავშესაფრის საკითხების გარდა განხილული იყო შიდა გადაადგილების საერთაშორისო სტანდარტები და მოქალაქეობის არმქონეობასთან დაკავშირებული ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს თავშესაფრის სისტემის განვითარების დადებით ტენდენციებსა და სიახლეებზე; 2017 წლის თებერვლიდან ძალაში შესულ საქართველოს კანონზე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“; შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებულ ორმხრივ ბრძანებაზე, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელ პირთა იდენტიფიკაციას, გადაცემასა და ინფორმაციის გაცვლას ორ უწყებას შორის; ყურადღება გამახვილდა ლტოლვილთა ინტეგრაციის საკითხებსა და 2017 წელს გახსნილ ინტეგრაციის ცენტრის საქმიანობაზე.

ღონისძიება ჩატარდა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით, „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მდგომარეობის შესწავლაში“ პროექტის ფარგლებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)