საინფორმაციო ბიულეტენი

ბიულეტენი - პერიოდული გამოცემა, 2014 წლის მარტი

მარტი საპარლამენტო ანგარიშის დასრულებას მოვანდომეთ და მთელი აპარატის ძალისხმევის შედეგად საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ 633 გვერდიანი, საკმაოდ მოცულობითი ანგარიში, რომელიც მიმოიხილავს 2013 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას, თავს უყრის საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილ ძირითად ტენდენციებს და შემუშავებულ რეკომენდაციებს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2013 წლის ანგარიშში პირველად შევიდა რამდენიმე თავი.

ამ სიახლეების უმთავრესი მიზანია მოვიცვათ ადამიანის უფლებათა შეძლებისდაგვარად ფართო სპექტრი და საზოგადოების, ხელისუფლების ყურადღება ეგრეთწოდებული ტრადიციული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების გარდა ასევე გავამახვილოთ ისეთ მიმართულებებზე, რაც ხშირ შემთხვევაში მივიწყებულიც კი არის. სწორედ ამიტომაც, მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენი ოფისი შეეცდება გააქტიუროს მუშაობა მომხმარებელთა, სამხედრო მოსამსახურეთა და ვეტერანთა უფლებების დაცვის კუთხით.

სახალხო დამცველის ოფისისთვის მარტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისითაც. 12-14 მარტს ვმონაწილეობდი ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის 27-ე შეხვედრაში, სადაც განიხილებოდა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლი ადამიანის უფლებათა დაცვასა და ხელშეწყობაში.

საქართველოსსახალხო დამცველს „პარიზის პრინციპებთან“ სრული შესაბამისობის (A-სტატუსის) დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა, რაც ჩვენთვის დამატებითი სტიმული და ვალდებულებაც არის, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვა და ვიყოთ აქტიურნი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების მუშაობაში როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონულ დონეზე.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო და ხაზი გავუსვა ჩემს უკრაინელ კოლეგასთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის მნიშვნელობას უკრაინელი ხალხის ისტორიის ამ მეტად მძიმე პერიოდში. ჩვენ შევთანხმდით უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლაზე,

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში თანამშრომლობაზე, ერთობლივი კონფერენციების, სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ორგანიზებაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება