სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

საქართველოს სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2010 წლის 10 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავშირი “21–ე საუკუნე”, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებების დაცვისა და განმტკიცებისათვის საკანონმდებლო წინადადებებისა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების სფეროში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მხარეები საკანონმდებლო დონეზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო დაცვას პრიორიტეტულად მიიჩნევენ; აცნობიერებენ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის საკონსტიტუციო სარჩელებითა და სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) წერილობითი წარდგინებით მიმართვის აუცილებლობას და გამოხატავენ მზადყოფნას აღნიშნულ სფეროებში აქტიური თანამშრომლობისათვის.

საქართველოს საკანონმდებლო აქტებში არსებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ დებულებების დახვეწის მიზნით, შეთანხმების საფუძველზე, მხარეები ერთობლივად შეიმუშავებენ საკანონმდებლო წინადადებებს და წარუდგენენ განსახილველად საქართველოს პარლამენტს.

საკონსტიტუციო სამართალწარმოების გზით, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განმტკიცებისათვის ითანამშრომლებენ და მოამზადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ სარჩელებს და მეგობრის წერილებს.

ურთიერთთანამშრომლობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ თვეში ერთხელ გამართონ შეხვედრები, რათა დაგეგმონ ურთიერთთანამშრომლობის გზები, კონკრეტული მიმართულებები და გაცვალონ ინფორმაცია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება