სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

სახალხო დამცველმა „სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა

2011 წლის მაისში საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა მოქალაქე მ.ლ.–მ. განმცხადებლის განმარტებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 აპრილის განაჩენით მისი სატვირთო ავტომანქანა მიჩნეულ იქნა სხვა პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის საგნად და გადაეცა სახელმწიფოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52–ე მუხლის (ქონების ჩამორთმევა) შესაბამისად.

განმცხადებელი საქართველოს სახალხო დამცველს სთხოვდა დარღვეული საკუთრების უფლების აღდგენაში დახმარებას, რადგან მიაჩნდა რომ მისი ქონება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ იქნა ჩამორთმეული. ზემოაღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

განცხადებაზე თანდართული მასალების და სახალხო დამცველის მიერ გამოთხოვილი მასალების ანალიზის შედეგად, 2011 წლის 6 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველმა „სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით“ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. მოსაზრებაში მიმოხილულ იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განსაზღვრული სტანდარტები, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს ქონების ჩამორთმევის შემთხვევები. დეტალურად იქნა მიმოხილული ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი დებულებები და ზოგადი სტანდარტები დანაშაულის საგნის, იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის გარშემო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განაჩენით დამტკიცებულ იქნა საპროცესო შეთანხმება მსჯავრდებულებს და პროკურორს შორის. ამავე განაჩენით განმცხადებელ მ.ლ.–ს დაუბრუნდა სატვირთო ავტომანქანა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული სატვირთო ავტომანქანა დაუბრუნდა ასევე სხვა პირს, რომელსაც საკუთრების უფლება განმცხადებელ მ.ლ.–ს მსგავსად შეეზღუდა.

* * *

„სასამართლო მეგობრის მოსაზრების“ წარდგენის უფლებამოსილება საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2010 წლის 21 ივლისს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ. აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში სახალხო დამცველს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარადგინოს მოსაზრება, რომელიც მიმართული იქნება სასამართლოს დასახმარებლად და არა რომელიმე მხარის პოზიციის მხარდასაჭერად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება