სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება ქალი დეპუტატების მისამართით გამოთქმულ უხამს და შეურაცხმყოფელ რეპლიკებთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხის განხილვისას, ქალი დეპუტატების მისამართით გამოთქმულ უხამს და შეურაცხმყოფელ რეპლიკებს. აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა იმ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც პარლამენტი ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებისკენ მიმართულ ინიციატივას განიხილავს, რომელიც სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ გუშინ, 2 აპრილს საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში უარყოფითად შეაფასა.

სახალხო დამცველმა არაერთხელ გაუსვა ხაზი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პოლიტიკოს ქალთა მიმართ გაჟღერებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები აკნინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას.

სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ „საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსის“ თანახმად, „საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება.“ შესაბამისად, ყველა მსგავს შემთხვევაში უნდა მოხდეს შიდა მექანიზმის ამოქმედება და საკითხის განხილვა პარლამენტის მიერ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, არ გამოიყენონ სექსისტური თუ სხვა სახის დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი გამონათქვამები და საჯარო საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან თანასწორობის პრინციპი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)