სპეციალური ანგარიშები.

სპეციალური ანგარიში ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში

წინამდებარე სპეციალური ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2014 წელს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სახელმწიფო სერვისებისა და მექანიზმების შესაფასებლად ჩატარებული მონიტორინგისა და შესწავლის შედეგებს. ანგარიშს საფუძვლად დაედო თავშესაფრისა და ცხელი ხაზის მონიტორინგი, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ინდივიდუალური განცხადებების შესწავლა, დამცავი და შემაკავებელი ორდერების შეფასება და ქალთა მკვლელობების მონიტორინგი.

2014 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებისა და სახელმწიფო ცხელი ხაზის მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგი მიზნად ისახავდა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ სამ თავშესაფარში არსებული მდგომარეობის შეფასებას და სერვისით მოსარგებლე პირების საჭიროებების გამოვლენას. ასევე ცხელი ხაზის ფუნქციონირების შეფასებას. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო თავშესაფრებში მონიტორინგი პირველად ჩატარდა და მრავალი საინტერესო ასპექტიც გამოვლინდა. შედეგების ანალიზის საფუძველზე მომზადდა სპეციალური რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება სერვისის მიმწოდებლებს შესაძლებლობას მისცემს გააუმჯობესონ და დახვეწონ მომსახურება სერვისით მოსარგებლეთათვის კიდევ უფრო ხელსაყრელი და საჭიროებებზე მორგებული გარემოს შესაქმნელად.

ოჯახში ძალადობისაგან დამცავი მექანიზმების ეფექტურობის შესაფასებლად, ორი ტიპის შესწავლა განხორციელდა. 2013 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა შემაკავებელი და დამცავი ორდერების მოქმედების ეფექტურობა შეფასება, რომელიც ჩატარდა, როგორც თბილისში ასევე საქართველოს მუნიციპალურ ერთეულებში. ხოლო 2014 წელს საქართველოს ყველა საერთო და მაგისტრატი სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა 2014 წელს დამტკიცებული დამცავი და შემაკავებელი ორდერების ასლები, რომელთა ანალიზის საფუძველზე მომზადდა სტატისტიკური კვლევა და გამოიკვეთა არსებული ტენდენციები.

ქალთა მკვლელობების ფაქტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2013 წელთან შედარებით 2014 წელს 62%–ით მეტი ქალი იქნა მოკლული, მათ შორის 57%–ით მეტი მეუღლის მიერ ცოლის მკვლელობის შემთხვევა მოხდა, ხოლო ოჯახში ჩადენილი დანაშაული ქალის მიმართ (მკვლელობა) 53%–ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით. ქალთა ფემიციდის მზარდი სტატისტიკა შემაშფოთებელია და განსაკუთრებით ყურადსაღები უნდა იყოს სამართალდამცავი თუ სხვა შესაბამისი პასუხისმგებელი სტრუქტურისათვის. მონაცემების დამუშავებითა და ხარვეზების გამოვლენის შედეგად უნდა შემუშავდეს პრევენციული ღონისძიებები და დანაშაულის თავიდან აცილების გზები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება