სიახლეები

შეხვედრა პროფესიული კოლეჯების მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და საჯარო სკოლების პედაგოგებთან.

2023 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გვანცა დავითაშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმა აპარატის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებთან, ირმა მჭედლიძესა და მურდახან გუსეინოვთან ერთად, მარნეულში მოქმედი აღმზრდელის პროფესიული პროგრამის მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან გამართეს შეხვედრები.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა პროფესიული კოლეჯების მასწავლებლებსა და სტუდენტებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პერსონალის სწავლებაში ადამიანის უფლებათა შესახებ ინფორმაციის ინტეგრირების მიმართულებით აპარატის საქმიანობა გააცნეს. შეხვედრების მონაწილეებმა სასწავლო პრაქტიკაში ადამიანის უფლებების სწავლებისკენ მიმართული მეთოდების გამოყენებასა და ამ მიმართულებით არსებულ პოზიტიურ გამოცდილებაზე გაამახვილეს ყურადღება. ისაუბრეს ასევე, აღმზრდელების მომზადებისას ადამიანის უფლებების სახელმძღვანელოსა და ბავშვის უფლებათა შესახებ დამოუკიდებელი მოდულის არსებობის მნიშვნელობაზეც.

საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის უფლებათა პრაქტიკული მეთოდებით სწავლებაზე გაამახვილეს. ამავდროულად, აზერბაიჯანულ სექტორებზე დასაქმებულმა მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების თარგმანი ბავშვებისთვის რთულად გასაგებია. საუბარი შეეხო სკოლებში სხვადასხვა უფლებრივ საკითხებზე განგრძობადი ტრენინგების ჩატარების მნიშვნელობასაც.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)