სიახლეები

შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან ადამიანის უფლებების საკითხზე

2019 წლის 13 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის ორგანიზებით, აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის 64-ე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ და გააცნეს არჩევითი საგანის - „სახელმწიფო და სამართლის“ ადამიანის უფლებათა ნაწილის სხვადასხვა თემატურ საკითხი, უფლებათა დაცვის სტანდარტები და მექანიზმები, ასევე, განიხილეს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი და საქმიანობა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლენილ ძირითად პრობლემურ საკითხებზე. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით განიხილეს ყველაზე ხშირად დარღვეული უფლებები, მათ შორის ჩაგვრის შემთხვევები და სავარაუდო დარღვევების დროს სახალხო დამცველისადმი მიმართვის წესი; ასევე, ის პროგრამები, რომელში მონაწილეობითაც მოსწავლეებს შეუძლიათ ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნა და უნარები გაიუმჯობესონ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში გავრცელებული გენდერული სტერეოტიპების საკითხს, ადრეული ქორწინების პრევენციასა და აღნიშნული მიმართულებით სახალხო დამცველის გამოცდილებას. განიხილეს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის ძირითადი პრინციპები, დისკრიმინაციის კონკრეტული მაგალითები და აპარატის გამოცდილება თანასწორობის უფლების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირებისა და შემდგომი რეაგირების კუთხით.

შეხვედრის ბოლოს გამართულ დისკუსიაზე მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)