ბიულეტენი

პრევენციის ეროვნული მექანიზმის კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი N6

პრევენციის ეროვნული მექანიზმის N6 ბიულეტენი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ჩვენს მიერ ზაფხულის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ. პირველ რიგში აღსანიშნავია პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია, რომელშიც ასახულია 2015 წელს დახურული ტიპის დაწესებულებებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა. ამავე პერიოდში, ასევე ჩატარდა ვიზიტი N2 და N7 პენიტენციურ დაწესებულებებში და მონიტორინგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის სამმართველოებში. პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე განახორციელეს მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგიც.

ბიულეტენი მიმოიხილავს N6 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას. რეკომენდაციების შესრულების შეფასების თავში წარმოდგენილია N6 დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის დროს გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანალიზი. ბიულეტენი ასევე გთავაზობთ ინფორმაციას კანონმდებლობაში შესული ცვლილების შესახებ. ნომერი მიმოიხილავს არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირებასთან დაკავშირებით“. ნომრის ფოკუსს წარმოადგენს „შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის ანგარიში“.

პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა აღნიშნულ პერიოდში არაერთი აქტივობა განახორციელა. ამ კუთხით აღსანიშნავია პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრების შეხვედრები რეგიონებში მოქმედ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადვოკატებთან. შეხვედრების მიზანი იყო პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება და გაზიარება. პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ლიტვის ქალაქ ვილნიუსში ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში თემაზე, „ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგი“. ასევე, მონაწილეობდნენ პოლონეთის ქალაქ ვარშავაში გამართულ სამუშაო შეხვედრაში, „შესაძლებლობების გაზრდა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორებისათვის“.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს, კანონმდებლობით მინიჭებული ფოტოგადაღების უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის ჩაუტარდათ ტრენინგი ფოტოგადაღების საკითხებზე. პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები ასევე ესწრებოდნენ ტრენინგს, „საგამოძიებო მეთოდოლოგია დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებთან დაკავშირებით“.

ბიულეტენის წინამდებარე ნომერში ასევე იხილავთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს წევრის, თამარ გვარამაძის მოსაზრებებს „შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანოებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ“.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)