სიახლეები

სპეციალური ანგარიში „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“

2022 წლის 25 თებერვალს სახალხო დამცველმა ქვეყანაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-7 ყოველწლიური ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიში მიმოიხილავს 2021 წლის განმავლობაში თანასწორობის უფლების რეალიზაციის მხრივ არსებულ დაბრკოლებებს, რომელსაც ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ლგბტ+ თემის წევრები და სხვა დაუცველი ჯგუფები აწყდებოდნენ. მასში ასევე შეფასებულია ახალი კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით დაწესებული რეგულაციების თანასწორობის უფლებასთან შესაბამისობა; სოციალური დაცვის სისტემის ხარვეზები თანასწორობის უფლების დაცვის მხრივ და წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური მოსაზრების გამო სახელმწიფო სამსახურში შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევები. ანგარიშს შესაბამისი უწყებების მიმართ შემუშავებული რეკომენდაციები ერთვის თან.

სახალხო დამცველის აპარატმა 2021 წელს სავარაუდო დისკრიმინაციის 161 ფაქტი შეისწავლა შემდეგ საკითხებზე:

  • პოლიტიკური შეხედულების ნიშნით - 17%
  • სქესის ნიშნით - 16%
  • განსხვავებული მოსაზრება და შეზღუდული შესაძლებლობა საქმეები - 11-11%
  • სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის ნიშნით - 7%
  • ეროვნება/მოქალაქეობის გამო - 6%
  • რელიგიის გამო - 4%
  • ეთნიკური წარმომავლობის გამო უთანასწორობის შემთხვევები - 3%
  • ასაკის გამო უთანასწორობა 3%
  • ნიშნებით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები - 22%

აპარატმა თანასწორობის საკითხებზე 15 რეკომენდაცია, 10 ზოგადი წინადადება და 2 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება შეიმუშავა.

ღონისძიების გახსნისას სახალხო დამცველმა 2021 წლის განმავლობაში, თანასწორობის მდგომარეობა და აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა მიმოიხილა; აღნიშნა, რომ გაუმჯობესების ტენდენცია არ შეინიშნებოდა და განსაკუთრებით საგანგაშო უწოდა 5-6 ივლისის მოვლენებს, როდესაც სამართალდამცავებმა ვერ აღკვეთეს ულტრამემარჯვენე ჯგუფების თავდასხმები ლგბტ+ თემის წარმომადგენლებზე, მათ უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებზე, რის შედეგადაც არაერთი ადამიანი ფიზიკურად მძიმედ დაშავდა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის მიერ საქართველოს გენერალური პროკურორისთვის დასაბუთებული პოზიციის წარდგენის მიუხედავად, გამოძიება არ დაწყებულა არც ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდების და არც აღნიშნული ქმედებების ორგანიზების ფაქტებზე.

სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა სავარაუდოდ რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე განვითარებულ კონფლიქტზე, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ამგვარი პრობლემების საფუძვლიანად გაანალიზების აუცილებლობა. ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივ თვითმმართველობებში, საჯარო სკოლებსა და ბაღებში დასაქმებული პირების სავარაუდო პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გათავისუფლებაზე; სექსუალურ შევიწროებასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე; ფიზიკური თუ სენსორული შეზღუდვის მქონე პირთა წინაშე არსებულ დაბრკოლებებზე.

თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დონორებს, განსაკუთრებით ევროკავშირს, ევროსაბჭოს, პროლოგს, გაეროს ქალთა ორგანიზაციას და ღია საზოგადოების ფონდს, რომლებიც სხვადასხვა აქტივობებით მხარს უჭერენ აპარატის გაძლიერებას.

ანგარიში, მასში ასახული მიგნებები და შემუშავებული რეკომენდაციები თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთი შუბაშვილმა წარმოადგინა.

შეხვედრას მოდერაცია სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ გაუწია.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)