სიახლეები

კერძო კომპანიამ დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხზე სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება შეასრულა

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კერძო კომპანიის მხრიდან შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაცემული ზოგადი წინადადების[1] შესრულების ფაქტს.

სახალხო დამცველის წინადადების შესაბამისად, მოპასუხემ შეიმუშავა და დაამტკიცა სპეციალური სტანდარტი/შიდა დებულება, რომელიც შრომით ურთიერთობაში კონკურსების გამოცხადებისა და ჩატარების წესს, უფლების დაცვის შიდა მექანიზმს, პრეტენზიის, უკუკავშირისა და გასაჩივრების პროცესს აწესრიგებს.

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს განხორციელებულ ღონისძიებებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ცვლილებები უზრუნველყოფს შრომით ურთიერთობებში გამჭვირვალობის ზრდასა და თანასწორუფლებიანობის განმტკიცებას.

აქვე, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დამსაქმებლებმა ისეთი მექანიზმები და შიდა პოლიტიკა უნდა შეიმუშაონ, რომლებიც სათანადოდ დაარეგულირებს კარიერული განვითარების, დაწინაურების, საკონკურსო პროცესებში შეფასებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების უფლებამოსილებას.

სახალხო დამცველი სამომავლოდაც აქტიურ ზედამხედველობას გაუწევს ეროვნულ დონეზე შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის სრულყოფილად განხორციელებას.


[1]საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 18 ნოემბრის ზოგადი წინადადება ხელმისაწვდომია ბმულზე: <https://www.ombudsman.ge/geo/190308042016siakhleebi/sakhalkho-damtsvelis-zogadi-tsinadadeba-kerdzo-samartlebriv-shromit-urtiertobashi-diskriminatsiastan-brdzolis-taobaze>

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)