სიახლეები

ხანდაზმულთა უფლებებთან დაკავშირებული შეხვედრა

2021 წლის 28 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ლიკა წიკლაურმა და ნინო შალამბერიძემ ხანდაზმულ პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს ქვეყანაში ხანდაზმულ პირთა წინაშე არსებული გამოწვევების შეფასება და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაზიარება წარმოადგენდა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, როგორც ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი, აქტიურად აკვირდება ხანდაზმულთა უფლებების დაცვასა და სახელმწიფოს მიერ ხანდაზმულთა უფლებების ეფექტურ იმპლემენტაციას პრაქტიკაში. ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

მონაწილეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ხანდაზმულ პირთა სათანადო ხანგრძლივი მოვლის ხელმისაწვდომობის პრობლემებზე, ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის სტატისტიკის საკითხებზე, პანდემიის პირობებში ხანდაზმულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ისაუბრეს აპარატის ძირითად საქმიანობაზე, როგორც საერთაშორისო ისე ქვეყნის შიდა დონეზე. ასევე, აპარატის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში განხილული საკითხები ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ძირითადი გამოწვევები და შესაბამისი უწყებების მიმართ გაცემული რეკომენდაციების შინაარსი. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ხანდაზმულთა წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე მათი ორგანიზაციების პერსპექტივებიდან.

შეხვედრის ბოლოს სახალხო დამცველის აპარატი და ხანდაზმულ პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)