თანასწორობის დეპარტამენტი

სექსუალური შევიწროება

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, კოლეგის მხრიდან ადგილი ჰქონდა განმცხადებლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქცევას, კერძოდ, სექსუალური შინაარსის სმს შეტყობინებების გაგზავნას. რეაგირების მოთხოვნით განმცხადებელმა დამსაქმებელს მიმართა, თუმცა კომპანიამ ვერ უზრუნველყო დასაქმებულის უფლებების სათანადო დაცვა.

საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ შევიწროებას. სახალხო დამცველმა ერთი მხრივ, შემავიწროებელს მოუწოდა, სამუშაო ადგილზე თუ სხვა სფეროში, აღარ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ადამიანებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო, ხოლო მეორე მხრივ, კომპანიას მიმართა, მომავალში ეფექტიანად შეისწავლოს სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევები.

სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე დამსაქმებელმა - „სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯერული ჯგუფი - ემ გრუპ“ კომპანიის თანამშრომლებს შრომითი დისკრიმინაციის, მათ შორის, სექსუალური შევიწროების აკრძალვასთან დაკავშირებით ჩაუტარა ინსტრუქტაჟი. ამასთან, თანამშრომლები გააფრთხილა, რომ მსგავსი ქმედების მიმართ ადმინისტრაცია მკაცრ დისციპლინურ პასუხისმგებლობას გამოიყენებს. გარდა აღნიშნულისა, კომპანიამ გამოთქვა მზაობა მომავალში ეფექტიანად შეისწავლოს სამუშაო ადგილზე სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევები და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის მიზნით გაამკაცროს არსებული შიდა რეგულაციები.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა თანასწორობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ანი სალდაძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)