თანასწორობის დეპარტამენტი

თანასწორობის უფლება შრომისა და ჯანმრთელობის უფლებების კონტექსტში

საქმის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა, რომ სპორტში ჩართული ქალების მიერ ვარჯიშის/თამაშის დროს მიღებული ტრავმების მკურნალობის ხარჯების გაღება თავად ფეხბურთელებს აწვებოდათ ტვირთად. შედეგად, ქალთა საფეხბურთო კლუბებში დასაქმებულთა ჯანმრთელობა სათანადოდ არ იყო დაცული, რაც ქალ ფეხბურთელებზე მწვავედ აისახებოდა და კიდევ უფრო ამძიმებდა მათ არათანასწორ საწყის მდგომარეობას (საქმე N8356/22).

2023 წლის 15 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მოუწოდა, ფეხბურთელთა მიერ მიღებული ტრავმების მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური სადაზღვევო პაკეტების ან დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობა მოეძიებინა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული და საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის[1] თანახმად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სადაზღვევო კომპანია „პრაიმს“ შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ქალთა საფეხბურთო კლუბებში მოთამაშე 420 ქალი ფეხბურთელის სპორტულ სამედიცინო დაზღვევას მოიცავს.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა თანასწორობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა მარიამ მოსეშვილმა


[1] https://gff.ge/ge/media/news/25012?fbclid=IwAR27BXmsw_tH3_SuhkP50vVGG5lEjJJPVVmutRL91nJ84ihYgtRTaNSdxls

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)