ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა კვირეული რეგიონებში

ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს მუნიციპალური ცენტრების სამიზნე ჯგუფებთან და მათ ადამიანის უფლებათა დაცვის ზოგადი პრინციპები და სახალხო დამცველის მანდატი გააცნეს.

გორის, მცხეთის, საგარეჯოს, ახალციხის, წალკის, მარნეულისა და ნინოწმინდის ახალგაზრდებთან ოჯახში ძალადობის საკითხებზე და ბავშვთა უფლებების დაცვაზე ისაუბრეს; ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ასევე თელავის რაგბის ახალგაზრდული ნაკრების წევრებთან.

ქუთაისის, ბათუმის, ოზურგეთის, წალენჯიხის, ზუგდიდის და მესტიის სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, პედაგოგებთან და რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე განიხილეს:

  • ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია როგორც თავისუფლების, სამართლიანობის და საყოველთაო მშვიდობის საფუძველი
  • ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები
  • სახალხო დამცველის როლი და უფლებამოსილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში
  • ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციები

შეხვედრების მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ თუ რა გავლენა მოახდინა კოვიდ 19-ის პანდემიამ ადამიანის უფლებებზე და როგორია სახალხო დამცველის პრაქტიკა გამოკვეთილი გამოწვევებისა და პრობლემების აღმოსაფხვრელად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)