ახალი ამბები

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდა

2021 წლის 9 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსი მადონა ბასილაძე და აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი გიორგი ჩარკვიანი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდნენ.

აშშ-ს ელჩი რეგიონული სამსახურის საქმიანობას გაეცნო; განსაკუთრებით დაინტერესდა ბავშვთა შრომასა და ქალთა მობილობასთან დაკავშირებით აჭარის რეგიონში ჩატარებული კვლევით.

შეხვედრაზე ისაუბრეს ვაქცინაციის კამპანიაში სახალხო დამცველის ჩართულობაზე, მათ შორის, აცრის სასიცოცხლო მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების მზაობის და ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაციაში დახმარებაზე. ეს დახმარება განსაკუთრებით შესამჩნევი და საჭიროა მაღალმთიან რეგიონებში, სადაც მოსახლეობას, ასაკის, ტექნიკური აღჭურვილობის, ინფორმაციისა თუ შესაბამისი უნარ-ჩვევების უქონლობის გამო, რეგისტრაციაზე ხელი არ მიუწვდება.

განიხილეს ასევე, აჭარაში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარი გამოწვევები, უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა, სიძულვილის ენა, მისი გამომწვევი მიზეზები და აღმოფხვრის შესაძლებლობები. ასევე, ისაუბრეს სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების მიერ წინასაარჩევნო პროცესისა და არჩევნების დღეს განხორციელებული მონიტორინგის მექანიზმზე და გამოვლენილ ტენდენციებზე.

„სახალხო დამცველის ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში; ხოლო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი პროფესიონალი ადამიანებითაა დაკომპლექტებული და ისინი ნამდვილად ქებას იმსახურებენ“, - განაცხადა შეხვედრის შემდგომ აშშ-ს ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)