ახალი ამბები

ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის 29-ე ყოველწლიური კონფერენცია და გენერალური ასამბლეა

2025 წლის 17-19 სექტემბერს ბუქარესტში გამართულ ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის (ENOC) 29-ე ყოველწლიურ კონფერენციასა და გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლიკა ღვინჯილია ბავშვთა დაცვის ოფიცრად აარჩიეს. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატი ქსელში გაწევრიანების მსურველთა განცხადებების განმხილველი სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა.

კონფერენციაზე, რომელიც ბავშვთა ფიზიკური ჯანმრთელობის უფლებას მიეძღვნა, ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები განიხილეს და შემუშავებული რეკომენდაციები წარმოადგინეს. ღონისძიებაში მონაწილე ევროპის ახალგაზრდა მრჩეველთა ქსელის (ENYA) წარმომადგენელმა ბავშვებმა ENOC-ის წევრებს ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობის უფლების ეფექტიანი დაცვის შესახებ მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნეს.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში ქსელის წევრებმა დაამტკიცეს ENOC-ის 2025 წლის პოზიციის დოკუმენტი, რომელზე შემუშავების პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელი აერთიანებს ბავშვის უფლებათა 44 დამოუკიდებელ ინსტიტუტს. ქსელის მიზანია ბავშვის უფლებების დაცვა და მისი ხელშეწყობა, გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი ფაკულტატური ოქმების შესაბამისად, როგორც წევრების შესაძლებლობების განვითარების, ასევე, ადვოკატირების, გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთმხარდაჭერის ხელშეწყობის გზით.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)