ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ

2022 წლის ივლისის თვეში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს სამცხე-ჯავახეთის (ახალციხის) და კახეთის (თელავის, ახმეტის, გურჯაანის) მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალებთან.

შეხვედრებზე, რომლის მიზანსაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე რეგიონში მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა, მონაწილეები გაეცნენ საქართველოს სახალხო დამცველის მანდატს, ასევე ქვეყანაში მოქმედი ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სერვისებს, მიმოიხილეს საზოგადოებაში გენდერული თანასწორობისა და ქალის როლის მიმართ არსებული სტერეოტიპები.

შეხვედრები გაიმართა ასევე, რეგიონების პოლიციის თანამშრომლებთან, სადაც განიხილეს ძალადობის მსხვერპლი ქალების, მათ შორის, ოჯახში ძალადობის და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს მიკუთვნებული ქალების დაცვის და დახმარების სერვისებზე მისაწვდომობის საკითხები; ხაზი გაუსვეს ძალადობის ფორმების, ძალადობის გამოვლენის და სამართალდამცავი უწყებების მიმართ მიმართვიანობის ტენდენციებს. შეხვედრის მიმდინარეობისას პოლიციის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის, ფემიციდის, პრევენციული ღონისძიებების, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და გამოძიების ეტაპზე არსებული სხვადასხვა გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ სამმართველოს ახალქალაქის და თელავის რეგიონული ოფისების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს უძღვებოდნენ აპარატის გენდერის დეპარტამენტის თანამშრომლები გვანცა ხარატიშვილი და ანა ლობჟანიძე.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)