ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

2018 წლის 18 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში მედეა ტურაშვილი ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ მრჩეველს მარსელ კაპის და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდნენ.

საინფორმაციო შეხვედრაზე სახალხო დამცველმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ისაუბრა; აღნიშნა, რომ მოუგვარებელ პრობლემებად რჩება გადაადგილების თავისუფლება და მშობლიურ (ქართულ) ენაზე განათლების მიღების უფლება; ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახება ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეების გამოუძიებლობა და მართლმსაჯულების არ აღსრულება.

შეხვედრის დასასრულს სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად შეაფასა ევროსაბჭოს წვლილი აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან ნდობის აღდგენისა და დიალოგის გაგრძელების საქმეში.

დელეგაცია საქართველოს კონსოლიდირებულ ანგარიშზე – „კონფლიქტი საქართველოში“ მუშაობის ფარგლებში ეწვია, რომელიც 2018 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ ანგარიშს ყოველ 6 თვეში ერთხელ ამზადებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)